Friday, April 20, 2012

სამუსიკო კულტურის ისტორია სათავეს იღებს უძველეს ეპოქაში, როდესაც განვითარებას იწყებს ადამიანის იდეოლოგია. ამიტომ გასაგებია, რომ მისი შესწავლა მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. Aამ მხრივ, არც ქართული მუსიკის ისტორია წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან მისი არსებობა ათასწლეულობით განისაზღვრება. ხალხურ მუსიკას, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ასპექტში, მუსიკალური ეთნოგრაპია შეისწავლის. 
ფოლკლორი
ფოლკლორი ხალხის, როგორც შემოქმედის, იერსახეს წარმოაჩენს. მასში მრავალფეროვანი ფორმებითაა წარმოდგენილი ამ ერისთვის დამახასიათებელი ორიგინალური მხატვრული აზროვნება. ტერმინი “ფოლკლორი” ინგლისური სიტყვაა და ხალხურ გადმოცემას, ხალხურ ცოდნას ნიშნავს. ხალხურ ხელოვნებას სხვანაირად ტრადიციულ ხელოვნებასაც უწოდებენ და მასში გაერთიანებულია ზეპირსიტყვიერება (ლექსი, ზღაპარი, თქმულება), მუსიკა, ქორეოგრაფია და ა.შ. 
ქართული ფოლკლორი არის ქართველი კაცის განუყოფელი ნაწილი. ქართველები ჭირშიც და ლხინშიც მღეროდნენ, შაირობდნენ, ცეკვავდნენ. ხალხური სიმღერა თავისთავად ვითარდებოდა, განიცდიდა განახლებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფუძეს არ სწყდებოდა. 
მუსიკის ფოლკლორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთანაა დაკავშირებული. ისტორიიდან ცნობილია, რომ საქართველო დაქსაქსული ქვეყანა იყო და თითოეული კუთხე სხვადასხვა სისწრაფით გამიცდიდა კულტურულ განვითარებას, ამიტომ ეს მხარეები ისტორიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე საგრძნობლად განსხვავდებოდნენ ერთიმეორესგან. ყოველი მათგანი ასრულებდა განსაკუთრებული ხასიათის სიმღერებს და მისთვის დამახასიათებელი სამუსიკო დიალექტი ჰქონდა.
დღესაც ძნელია აიხსნას, თუ როგორ მიაღწია ქართველმა ხალხმა ხალხური შემოქმედების, განსაკუთრებით კი მუსიკის, ესოდენ მაღალმხატვრულ დონეს, მაგრამ ის კი ნათელია, რომ მისი სათავეები შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.
მეცნიერებას, რომელიც ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას შეისწავლის ფოლკლორისტიკა ეწოდება. ზოგჯერ მას მუსიკალურ ეთნოგრაფიად ან ეთნომუსიკოლოგიად მოიხსენიებენ. ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი დიმიტრი არაყიშვილია.

ქართული ხალხური მუსიკა


ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორც სარკეში, არეკრილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ქართული მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობა უკავშირდებოდა. ქართულ ხალხურ სიმღერებში ასახულია ქართველი ხალხის მუსიკალური აზროვნების განვითარების თითქმის ყველა საფეხური. 
ქართული ხალხური სიმღერის უპირველესი განსაკუთრებული თვისება, რომელიც მას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ფენომენად აქცევს, მისი მრავალხმიანობაა, რომლის უაღრეს განვითარებას ხელი ვერ შეუშალა საქართველოს ისტორიულმა ძნელბედობამ. ფორმების სრულყოფილებით გამორჩეული ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა იუნესკომ 2001 წელს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად გამოაცხადა და ამით იგი განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აღიარა. მართლაც, დღეს საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკალური კულტურის რუკაზე ერთ-ერთი თვალსაჩინო რეგიონია. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში: ავსტრალიაში, ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში შექმნილია ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი ჯგუფები.



ხალხური მუსიკის შემოქმედების ძირითადი ნიშან-თვისებები

ხალხური ნაწარმოები პრინციპულად განსხვავდება პროფესიული მუსიკის ნიმუშისგან. ხალხური მუსიკის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი თვისება თაობიდან თაობაზე მისი ზეპირი გადაცემაა. ხალხური სიმღერა ზეპირი ტრადიციის ხელოვნებაა. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მას პროფესიული მუსიკისგან განასხვავებს, მისი სოციალური ფუნქციაა. ხალხური მუსიკა ყოფისგან განუყრელად არსებობს, იგი თან ახლავს ადამიანს ლხინსა და ჭირში, რელიგიური რიტუალის დროს, შრომისას, და ა.შ. სიმღერით აძინებენ ბავშვს, სიმღერას გამოიყენებდნენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. მაგალითად, ინფექციური დაავადების დროს ავადმყოფს უმღეროდნენ “იავნანას” (არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში “იავნანა” და “ნანა”. “ნანა” ბავშვის დასაძინებელი სიმღერაა, ხოლო “იავნანა”-სამკურნალო სიმღერა).
ხალხური ნაწარმოების კიდევ ერთი თავისებურება მისი სინკეტიზმია. იგი გულისხმობს სიტყვის, მუსიკისა და მოძრაობის ერთობლიობას. Aმის საუკეთესო მაგალითია ფერხულები, სადაც ერთმანეთს ერწყმის სიტყვა, ქორეოგრაფია და მუსიკა.
ხალხური მუსიკა კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია, სიმღერის საბოლოო ვარიანტის შექმნაში მრავალი თაობა და მრავალი ადამიანი მონაწილეობს. იმის ზუსტი დადგენა, თუ ვის მიერ შეიქმნა ხალხური მუსიკის ესა თუ ის ნიმუში, როგორც წესი, შეუძლებელია, ანუ ფოლკლორული ნაწარმოები ანონიმურია.
ნამდვილი ხალხური მომღერალი ერთსა და იმავე სიმღერას ყოველთვის სხვადასხვანაირად მღერის. Aმდენად, იმპროვიზაციულობა ხალხური სიმღერის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა.
იმპროვიზაციულობიდან გამომდინარეობს მუსიკალური ფოლკლორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება-ვარიანტულობა. მომღერელთა თუ სიმღერის მოყვარულთა წრეებში გავრცელებულია გამოთქმები: ერქომაიშვილების “შავი შაშვი”, დედას ლევანასეული “მრავალჟამიერი”, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს სიმღერა ამ პიროვნების შექმნილია, არამედ იმას, რომ მათ ეკუთვნით სიმღერის კონკრეტული, განსხვავებული ვარიანტი.



ქართული ხალხური მუსიკის შესრულების თავისებურებები 

ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშებს უპირატესად ერთგვაროვანი, ქალთა და მამაკაცთა გუნდი ასრულებს, თუმცა არცთუ იშვიათად (ზოგიერთ საფერხულო სიმღერაში, ასევე ოჯახურ მუსიცირებაში) ვხვდებით შერეულ შესრულებას.
შესრულების ფორმები: ქართული ხალხური სიმღერა სრულდება ერთპირულად (ცალპირულად), ორპირულად, ან სამპირულად.
ცალპირული სიმღერა შეიძლება შესრულდეს ერთი მომღერლის მიერ, მაგალითად: “ნანა”, “მთიბლური”, “ურმული”, ასევე ზოგიერთი სიმღერა ფანდურის ან გუდასტვირის თანხლებით. (ერთი ადამიანის მღერას “ცალფა” შესრულება ეწოდება). ჩალპირული, ანუ ერთპირული სიმღერა შეიძლება იყოს მრავალხმიანი და შეასრულოს მრავალმა ადამიანმა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებულია სამი კაცის შესასრულებელი სიმღერები, ე.წ “ტრიოები”.
ორპირული სიმღერა შეიძლება შესრულდეს ორი სოლისტის მიერ (მაგალითად, “შემღერნება”), ორი სოლოსტის მონაცვლეობით ბანის ფონზე, ორ-ორი სოლისტის მონაცვლეობით ბანის ფონზე, სოლისტის და გუნდის მონაცვლეობით (ასეთ ფორმას “რესპონსორული” ეწოდება), ორი გუნდის მონაცვლეობით (ორი გუნდის მონაცვლეობას “ანტიფონი” ეწოდება), ტრიოს და გუნდის მონაცვლეობით.
სამპირული შესრულების ტრადიცია შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული და იგი ძირითადა შემონახულია მესხეთსა და თუშეთში.
შესრულების წესი: ქართულ ხალხურ მრავალხმიან სიმღერაში ზედა ხმის ან ხმების პარტია აუცილებლად ერთმა მომღერალმა უნდა შეასრულოს, ბანის შემსრულებელთა რიცხვი განსაზღვრული არაა, ბანს ძირითადად რამდენიმე ადამიანი ასრულებს (გამონაკლისი მხოლოდ ტრიო სიმღერებია, სადაც ბანს ერთი მღერის).
ხმების სახელები: სამხმიანი სიმღერების უდიდეს უმრავლესობაში წამყვანია შუა ხმა, რომელსაც, მუსიკალურის გარდა, სიტყვიერი ტექსტიც მიჰყავს. ამ ხმას “თქმა” ან “დამწყები” ეწოდება. მაღალ ხმას “მოძახილს” ან “მაღალ ბანს” ვეძახით. დაბალი ხმის სახელია “ბანი”. გურული სიმღერების სპეციფიური ხმაა “კლიმანჭური”. იგი კრინის, თავისებური ფალცეტის სახით იმღერება მაღალ რეგისტრში.

No comments:

Post a Comment